ნოემბერი 548
en

126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის საქმიანობას გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საქმიანობას და ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ დოკუმენტებს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. 

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა მეფე ვახტანგ VI-ის საიუბილეო გამოფენა დაათვალიერეს. ამასთან, შესაძლებლობა მიეცათ, ქართული პერიოდული პრესის - „დროების“, „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ პირველი გამოცემები ეხილათ. 

სკოლის მოსწავლეები საარქივო დოკუმენტების რესტავრაციითაც დაინტერესდნენ. მათ ეროვნული არქივის რესტავრატორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს დოკუმენტების რესტავრაციის მეთოდებისა და პრინციპების შესახებ. 

მოსწავლეების სტუმრობა დოკუმენტური ფილმის - „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“- ჩვენებით დასრულდა. 2024 წელს ეროვნული არქივის თანამშრომლების მიერ გადაღებული ფილმი (რეჟისორები: ქეთევან ასათიანი და შალვა მიქუტიშვილი) შიო-მღვიმის მონასტრისადმი მეფე დავით IV-ის ანდერძის ისტორიულ მნიშვნელობას შეეხება.  

საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების ისტორიულ ღირებულებაზე ინფორმაცია მიაწოდოს.