კახი კავსაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 11 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
გამოფენა მოიცავს კახი კავსაძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს.
კახი კავსაძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1959 წელს დაიწყო. მას შესრულებული აქვს 100-მდე კინო და 30-ზე მეტი თეატრალური როლი. მის კინოროლებს შორის გამორჩეულია: ინოჩენცი („ვერის უბნის მელოდიები“), რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1973 წელი), სელიმი („ერთი ნახვით შეყვარება“, რეჟისორი რეზო ესაძე, 1975 წელი), იორამი („ნატვრის ხე“, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1976 წელი), კოლა („სიყვარული ყველას უნდა“, რეჟისორები: გიორგი შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი) 1981 წელი), მიხეილ კორიშელი („მონანიება“, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1984 წელი) და სხვა.
მხატვრულ ფილმებში განსახიერებული გმირების მსგავსად, მრავალფეროვანია კახი კავსაძის თეატრალური როლებიც: ფორტინბრასი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე), 1960 წელი); ადამი (ისიდორე შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, რეჟისორი ბადრი კობახიძე), 1964 წელი); გურამი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, რეჟისორი რობერტ სტურუა), 1966 წელი); სოლეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, რეჟისორი რობერტ სტურუა), 1974 წელი და სხვა.
გამოფენის კურატორი: ნინო სარაჯიშვილი.
გამოფენის ონლაინვერსიის შექმნაზე მუშაობდნენ: თეონა ლაზაშვილი, თამარ თავართქილაძე, ანა მღებრიშვილი, თეა ქიმერიძე.